Sunday, July 13, 2008

ბობოს


აგიგავ "ციხე ქაჯეთის",
შეგირქმევია "არმური",
შეგიღობია ისე,ვით
კაი ყმას თავის მამული,
შიგ შეგილალავს დიაცნი,
ლამაზები და კარგები,
კარ ვერ ვუპოვე,ბეჩავმა,
ან კი შენ მე რას მარგებდი:
იცი, რო მწარეს გეტყოდი,
სიყვარულით, არ აგდებით -
ნამუსი როგორ გასვენებს
ბაოს კარსგარეთ გაგდებით?
ვერც ჩახოხბილი გიშველის,
ვერც "პასვორდების" გამხელა,
როგორ გასძელი ამდენხანს
უბაობაბოდ კახელმა?!
ბობოს


აგიგავ "ციხე ქაჯეთის",
შეგირქმევია "არმური",
შეგიღობია ისე,ვით
კაი ყმას თავის მამული,
შიგ შეგილალავს დიაცნი,
ლამაზები და კარგები,
კარ ვერ ვუპოვე,ბეჩავმა,
ან კი შენ მე რას მარგებდი:
იცი, რო მწარეს გეტყოდი,
სიყვარულით, არ აგდებით -
ნამუსი როგორ გასვენებს
ბაოს კარსგარეთ გაგდებით?
ვერც ჩახოხბილი გიშველის,
ვერც "პასვორდების" გამხელა,
როგორ გასძელი ამდენხანს
უბაობაბოდ კახელმა?!

ბობოს არჩეული ბაობაბის ხუთი ლექსი




მარიამ წიკლაური

საარაგვოზე
ბაოს, სანათას, ბობოს და ყველას...

ნეტავ, გვირილებს არ ვენატრები,
არ ვახსენდები მთებს და მდელოებს?
ნეტავ მხედავენ, როგორ ვუზივარ
ფრთებზე იმ თეთრი ნისლის წეროებს?
ან ცას არ სტკივა სილურჯე, როცა
წამოედება მთების წვეროებს?

“ეჰეი!” – ვყვირი, ხმა არ ამომდის.
მზეც ბურთად ყელში გასჩრია ტატნობს,
რა სიჩუმეა მთებში ჩამდგარი,…
ნუთუ ეს მთებიც ჩემსავით გნატრობს,
რომ ერთხელ მაინც გიხილოს, ღმერთო,
მზედ და ყვავილად კი არა, მარტო…

მჭვირვალ იალქნებს უბერავს ქარი,
სივრცეს ყაყაჩოს ბურჯღლი დასცვივა,
ანგელოსები გადაუფრენენ
შენი თვალებით ხევებს, ნაწვიმარს
და ჩემი სევდაც იქით გაყვება,
სადაც საუფლო სიზმრებს არ სძინავთ…

ბალახებიდან ფრთებგალუმპული
მომჩერებია თეთრი პეპელა.
რაო? გავფრინდეთ, სადაც გველიან?
წუთისოფელი ხომ არ გებევრა?
ან შენ რად გაკრთობს, ბაბუაწვერავ,
მარადისობის სულის შებერვა?

იქნებ აქ დავრჩეთ და დავიმალოთ,
რომ გვირილებმა გვეძებონ დიდხანს
და როცა ყველას დავავიწყდებით,
სიცოცხლეს მაშინ ვესტუმროთ სიტყვად.
მოვიდეთ, როგორც საარაგვოზე
თეთრი ნისლები მოდიან ფიქრად…


გულქანო

გულქანოოო, აი, გულქანოო,
კარგმამის ობოლ ქალასა,
ნეტავ სკოლაში გესწავლა,
მიჰკედლებოდი კალამსა.
საუფლო წვიმით ნაბანი
მიჰგავდი ნატვრისთვალასა,
ფუძის ანგელოზ იყავი,
ვინ გაგიშვებდა ქალაქსა.
მაინც რა არის იღბალი,
რომ არ შეიშლის ფეხსაო,
მოვა და შუბლზე დაგვაწერს
კუთვნილ სვესა და ბედსაო.
ჩამოიწვიმებს ჟამები,
ქვებსაც ჩამორეცხს ლექსსაო,
არც ჩვენ დაგვარჩენს, გულზედა
დაგვდებს ლექსიან ქვებსაო.
გულქანოოო, აი, გულქანოო,
მთიდან დაჰბერავს ქარიო,
ნეტა ის ქვები სად ყრია,
შენ რომ დასწერე პწკარიო.



ლექსის ნაჭრელა

"კირკილის უქმეს" დავიჭერ -
უბრად დავართავ სიტყვებს.
ჟამის მოსვლამდე დავმალავ
სულში სვილისფერ მზის ტყვეს.
თხორივით ნახვევ წლეულებს
ჩავბეჭავ ხსოვნის სხივით,
ფიქრი რო არ დაბეჩავდეს,
სული ჩქვეფს, სული ხვივის.
ხან ცის კოშკებში წამიყვანს,
ხან ჩამაყოლებს დარანს,
თავი არ მომეწონება,
თუ აზრით შორს ვერ წავალ.
ჯვრით მოვიწვერავ სტრიქონებს,
შენით დავშიბავ პწკარებს,
ლექსის ნაჭრელას ვიმზითვებ
ორთავე სოფლის მხარეს.
……
ავტორის შენიშვნა:
ეს ლექსი კესოს "თუშის ქალმა" და ბობოს ფარდაგებმა დამადებინა აქ,ცოტა ძველია"ნისლის ფრთაში" შეტანილია და ბევრ ტექნოლოგიურ სიტყვას შეიცავს, რაც ქსოვასთანაა დაკავშირებული. "კირკილის უქმეს" ქალები ინახავდნენ ხევსურეთში, რო მაგათი ნაქსოვი არ გაეფუჭებინა ჩრჩილს, არ დაეჭამა.



ბაობაბი

ან კი რა ახსოვს ბებერ ბაობაბს,
პირველ კვირტებში პეპლების ძილი.
ხსენად ჟონავდა მათი სიზმრიდან
მარადისობის მზისფერი წირი.
უდაბნოების უსასრულობა
იდგა გიგანტურ ქვიშის საათად.
პეპლების ფშვინვა აკრთობდა ქარებს
და მოდიოდა ქვიშა ტაატით,
როგორც მიწიდან მოსული წვიმა.
წვიმა მშრალი და ოქრომოყრილი,
ბებერ ბაობაბს ღმერთი ეგონა
ჩამავალი მზე, წითლად მოღლილი.
ტიროდა ხე და პეპელას ძილში
ეჩვენებოდა, უდაბნოს ციდან
რომ მოყვებოდა გორაკებს მწირი
და დრო მოჰქონდა, სხეულზე მძიმე.
ხე ხელებს შლიდა შიშით შეშლილი,
ფესვებით სურდა დაჭერა მიწის,
მზე ჩადიოდა ისე მოღლილი,
თითქოს ცას აღარ სჯეროდა მისი.
ზედ შეკვდომოდა ყველა ფრთას ფრენა,
ქვას შეჭკნობოდა ყვავილის ცრემლი
და უდაბნოში მოსული მწირი
განადიდებდა სიცოცხლეს წყევლით.
ან კი რა ახსოვს ბებერ ბაობაბს
ძველი სიზმრიდან ნადენი ცხადი.
მაშინ სიკვდილიც არ იყო ქვეყნად,
შენც სიყვარულის სახელით მწამდი.
შევთხოვდი უფალს, რომ მიეჩინა
უსასრულობა ჩვენთვის, საკმარი
და ზეცის ქოხში გულზე მიგვეკრა
ჩვენი პირველი ჩვილი – სამყარო.
და შემომესვა მხრებზე ფრთოსნები,
ანგელოსები ამესხა მძივად,
ამომეწოვა ფესვით სკნელიდან
მარადიული სიცოცხლის წვიმა.
და ვყოფილიყავ დაუსაბამო,
ბედნიერებით დასჯილი გულით,
უდაბნოს მხრებზე მოსხმულ სიჩუმის
მსგავსი და ათიათასჯერ ჩუმი…
ახლა კვირტებიც გაიშლებიან,
გაიღვიძებენ პეპლებიც მალე
და არც ეტყვიან ბებერ ბაობაბს,
თუ საით წავლენ...


არაგვზე
ორი ლექსი არაგვს - ახლა საარაგვოს ნისლები მებლანდება თვალებში...

*
ძუძუს მიგიგენ, არაგვო,
მახელებ თეთრით, შავითა,
გზა სამეუფოდ” მოუდის
შუაში ლუკას ფშავისა.
სამთა არაგვთა ძმობა სთქვეს,
მათ სამობისა სადარი,
მომეც, ადგილის დედაო,
ლექსი ამ მიწის საკადრი.
მომაწოვინე მიწის რძე,
გადამიხსენი ძარღვიო,
ლექსის გამხადე ძუძუმტე,
დამნათლე სიტყვის მადლიო.
მიმაახლოვე ნატერფალს,
ზედამც შევახო ტუჩიო,
გუდამაყრისკენ ავრეკო
სიტყვები ჩემი ურჩიო,
მთისა ძუძუი ვაწოვო,
რძე დავადინო კერტსაო,
ამ ჩემი მთიელობისთვის
მადლს ვწირავ მაღალ ღმერთსაო.

*
თეთრი, შავი და ფშავის,
მოდის არაგვი სამი,
მერე სკვნილდება ერთში,
ვით სამებაში – ჟამი.
ვით სამი მკლავი ჯვარში,
ვით სამი დღე და ღამე,
ვით სამი და-ძმა ბეთანს.
შენც იორდანედ გსახეს.
და სამჯერ სხვაზე წმინდა,
და სამჯერ სხვაზე დიდი,
კერპთნამსახურალ ქართველთ
ქრისტიანებად ქმნიდი.
სანათლებელო წყალო,
მთასა დენილო მირონ,
პირველნათლობის ემბაზს,
შენ მოგეახლა ნინო.
განათლე ქართლის სული,
ნათელი სიტყვის მადლით
და უკვდავებით ავსილ
ხელთუქმნელ ბარძიმს გადრი.
თეთრი, ფშავის და შავი,
მოდის არაგვი სამი
და ინათლება გზა-გზა
ველთა შროშანი ნამით.